ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მაღაროელები დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში შეუდგნენ მუშაობას და მაღაროშიც მოპოვებითი სამუშაოები განახლებულია.
"მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათსა და მაღაროს გენერალურ დირექტორს შორის შეთანხმება მოხდა, რომლის მიხედვითაც, დიალოგის და არა გაფიცვის და უმუშევრობის გზით, ჩვენ მათ ყველა მოთხოვნას განვიხილავთ და ეტაპობრივად შევეცდებით მათ დაკმაყოფილებას", - განმარტა გორდეზიანმა.
შეგახსენებთ, რომ მაღაროელები გუშინ, 2 თებერვალს გაიფიცნენ. ისინი დამქირავებლებისგან შ.პ.ს. "საქნახშირის" თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას;
"საქნახშირის" თანამშრომლეთა ხელფასების ინდექსაციას ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად;
მაღაროში 2010-2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას;
"საქნახშირში" დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას; ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას და სხვა მოითხოვდნენ.