უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები ორი დონისგან შედგება, პირველი იქნება სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ხოლო მეორე - ის, რასაც აშშ და ევროპა უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
„პირველ რიგში, ვეთანხმები, რომ უკრაინა, შეერთებული შტატები და ევროპა ერთად, ერთობლივად მუშაობენ. და ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე. ვფიქრობთ, რომ ეს ორი დონე იქნება.
პირველ დონეზე, ფაქტობრივად, მოხდება რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის, ან ორივეს კომბინაციის მიღწევა.
„ამტომ, პირველი დონე იქნება იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყოს მაქსიმალურად ძლიერი, რათა შეეძლოს ნებისმიერი სირთულის დაძლევა“, - განაცხადა რუტემ პარასკევს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ უსაფრთხოების გარანტიების მეორე დონეს აშშ და ევროპა უზრუნველყოფენ და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„და, როგორც ყველამ ვიცით, ბუდაპეშტის მემორანდუმმა და მინსკის მოლაპარაკებებმაც ვერ მოიტანა რეალური გარანტიები. და, მართლაც, ჩვენი ახალი გარანტიები ასეთი არ უნდა იყოს. ჩვენ - უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები ერთად ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არსებობდეს ისეთი დონის გარანტიები, რომ მოსკოვში მყოფმა ვლადიმირ პუტინმა ვეღარასდროს იფიქროს უკრაინაზე თავდასხმაზე“, - ხაზი გაუსვა რუტემ.