არსებობს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები, როდესაც ადამიანები დანაშაულს ჩადიან. მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ვიღაცები გადაარწმუნონ ან აზრი შეუცვალონ, მაგრამ რას ვუშვრებით იმ კონკრეტულ ფაქტებს, ამ ადამიანების დანაშაულებრივ ქმედებებს? , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა
„ყველამ შეძლო იმის ნახვა, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი პოლიციელს ხელს ურტყამს, წარმოუდგენელია. ასეთი ქმედებებისთვის ევროპული პოლიცია როგორ მოქმედებს, ყველამ ვიცით. შესაბამისად, ყველა განცხადების, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ვისმენთ, მთავარი მოტივაცია არის, რომ როგორმე დააზიანონ ქვეყნის იმიჯი, დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ამაში ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც გარედან გაგიჟებულები იბრძვიან, ვითომ საქართველოს დემოკრატიისთვის, ვითომ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე გული შესტკივათ - რეალურად, მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ როგორმე ხელისუფლების სადავეები ხელში ჩაიგდონ იმისთვის, რომ ხვალ როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინვე ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართონ და გააღვივონ ის პროცესები, რაც ხდება, ამისთვის სჭირდებათ ქვეყანა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ულამაზესი სამშობლო გამოყენებული იყოს ვიღაც დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის და ამ ყველაფერს შეეწიროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ჩვენი ინფრასტრუქტურა, მოსახლობა, ჩვენი ჯარისკაცები, არავის მივცემთ ამის საშუალებას“,- განაცხადა კალაძემ.