„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფი" (GIG) ასეულობით მილიონი ევროს ღირებულების 2 პროექტს განახორციელებს.
GIG-ის მენეჯმენტმა 3 თებერვალს უცხოელ პარტნიორებთან სასტუმროში „რედისონი" გამართულ შეხვედრაზე პირველად შეთანხმებას უკვე მიაღწია.
საუბარია GIG-ის მიერ ტყიბულში 300-მეგავატიანი, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობასა და ქვანახშირის ახალი მაღაროების განვითარებაზე.
მოლაპარაკებებში დასავლური საინვესტიციო, საკრედიტო და საინჟინრო-საპროექტო კომპანიების მენეჯერები მონაწილეობენ. კერძოდ, ჩეხური „შკოდა ინვესტი", „სოსიეტე ჟენერალეს" ბანკი ჩეხეთში „კომერც ბანკი" და საქართველოში ბანკი „რესპუბლიკა".
როგორც პარტნიორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, GIG-ის ბიზნეს-პროექტების განვითარების დირექტორმა გიორგი ცანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტების განხორციელება დადებით ეფექტს არა მხოლოდ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს", არამედ მთლიანად საქართველოს მოუტანს. „მიღწეული პირველადი შეთანხმებით ჩეხური კომპანიები „ენერგია" და „შკოდა ინვესტი", პროექტში მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებენ. საუბარია ასეულობით მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებაზე, პროექტის ფარგლებში ტყიბულის მაღაროში ნახშირის მოპოვების მაჩვენებელი გაათმაგდება, დაინარგება ახალი ტექნოლოგიები და გაიზრდება უსაფრთხოება, პროექტების განხორცეილების შედეგად დამატებით შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი," - განმარტავს ცანავა.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ცნობილი დასავლური კომპანიები, მათ შორის, საინჟინრო-სამშენებლო კომპანია „ენერგია", საკონსულტაციო კომპანია CZMT და ჩეხეთის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია EGAP. დაკრედიტებისთვის საჭირო თანხებს „სოსიეტე ჯენერალის" წარმომადგენლობა ჩეხეთში „კომერც ბანკი" გაიღებს, ბანკი „რესპუბლიკა" კი შუამავალი ბანკის ფუნქციას შეასრულებს.
როგორც „კომერც ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი პაველ ვასელბაური ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, პროექტის ღირებულება 500 მლნ ევროზე მეტია. „ამ ეტპაზე განვიხილავთ დეტალებს, თუ რა ოდენობის თანხა უნდა იქნას გამოყენებული ინვესტორების მიერ და რა თანხას გაიღებს „კომერც ბანკი". პროექტი ორი ნაწილისგან შედგება და თითოეულის სავარაუდო ღირებულება 50-დან 200 მილიონ ევრომდეა".
პროექტის განხორციელებას GIG სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყებს. ახალი თბოელექტროსაგურის მშენებლობა 4 წელში დასრულდება.
„შკოდა ინვესტის" წარმომადგენელი მილოშ მოსტეცკი განმარტავს, რომ კომპანიამ 38 ათასი მეგავატი სიმძლავრის თოელექტროსადგურები მთელს მსოფლიოში, ჩინეთიდან ლათინურ ამერიკამდე, ააშენა. „გვსურს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს და ვაპირებთ საქართველოში 300-მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რომელიც ქვანახშირით მომარაგდება. სამუშაოებს უახლოეს მომავალში დავიწყებთ, თუმცა ამჯერად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მზად ვართ პროექტის განსახორციელებლად," - განაცხადა მოსტეცკიმ.
როგორც GIG-ის მენეჯმენტი განმარტავს, პროექტზე ინტენსიური მოლაპარაკებები ცნობილ დასავლურ კომპანიებთან ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ჯგუფს, რომელიც დაარსდა 2006 წელს და უკვე განახორციელა ათობით მილიონის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში. ჰოლდინგი აერთიანებს და მართავს კომპანიებს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების, სამშენებლო მასალების წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის, მედია-ბიზნესის და სხვა სფეროებში.