ივანიშვილი საკუთარი ქმედებებით ასანქცირებს ოთხ მილიონ ქართველს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
ლევან სანიკიძის განცხადებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც თავად “ქართული ოცნება”, ისე მისი პროპაგანდისტული საშუალებები.
“ჩემი ღრმა რწმენით და არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის აზრით, “ოცნება” ყველაფერს აკეთებს მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის, უბრალოდ მათ ეს პროპაგანდისტული ომი წააგეს, ვერაფრით ვერ ახერხებენ, რომ რაიმე ფორმით დააბრალონ ან ქართველ ხალხს, ან ჩვენს უცხოურ პარტნიორებს, ან ოპოზიციას. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ სწორედ ივანიშვილი ასანქცირებს ოთხ მილიონ ქართველს, აქედან გამომდინარე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც თავად “ოცნება”, ისე მისი პროპაგანდისტული საშუალებები. სამწუხაროდ დარწმუნებული ვართ, რომ არცერთ იმ იურიდიულ თუ პოლიტიკურ ვალდებულებას, რომელიც “ოცნებას” აქვს ევროკავშირთან არა როგორც დამოუკიდებლად პოლიტიკურ პარტიას, არამედ როგორც ხელისუფლების მიმტაცებელს, არაფერს არ შეასრულებს, აქედან გამომდინარე ის ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, არც ამ დარჩენილი დღეების განმავლობაში არ შეასრულებს არცერთ იმ ვალდებულებას, რომელიც პირველ რიგში ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას, მაგრამ “ოცნება” შორს არის ამ ინტერესების გატარებისგან, შესაბამისად არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, რომ თუნდაც ერთი ვალდებულება მაინც იქნება მათი მხრიდან შესრულებული.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.