ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს 1-ელ დეკემბერს ეწვევა. ეს განცხადება დღეს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულმა დავიდ სანაკოევმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, ევროსაბჭოს წარმომადგენლის შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია.
"ცხინვალში მყოფი თომას ჰამაბერგი უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ნათესავებს, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ალანიის ეპარქიის წევრებს შეხვდება",_ აცხადებს დავიდ სანაკოევი.
მისივე ინფორმაციით, ყველა შეხვედრის მთავარი თემა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისა და 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების თემა იქნება. "ასევე იქნება განხილული 4 ნოემბერს დაკავებული ოთხი საქართველოს მოქალაქის საკითხი",_ აცხადებს სანაკოევი.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰამარბერგთან შეხვედრას ე.წ სამხრეთ ოსეთის "ხელისუფლების" წარმომადგენლები არ აპირებდნენ.