ბათუმში, "ბათუმელებისა და ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეების თქმით, გაურკვეველია, რატომ გადადო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენის გამოცხადება.
"ბათუმელები"/"ნეტგაზეთის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ რუხაძის თქმით, უცნობია რას უკავშირდება "ადამიანის ორ დღეში ერთხელ ამხელა გზაზე (რუსთავის ციხიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში) ტარება".
"ძალიან რთულია. მე არ ვიცი, მე პასუხი არ მაქვს რატომ გადაიდო დღევანდელი სხდომა. სხდომაც აღარ ქვია ამას, რატომ გადადო მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება იმიტომ, რომ დღეს მას აღარ ჰქონდა არაფერი დარჩენილი გარდა იმია, რომ სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამოეცხადებინა და მაღლა არ ვიცი რას ემსახურება ადამიანის ამხელა გზაზე ასე ორ დღეში ტარება. ასე რომ გადავხედოთ ამ თვეების განმავლობაში რამდენ საათს ატარებდა მზია გზაში და რა ძნელი იყო ეს მისთვის.
მე მგონი, ვერც ჭამს ამ ხნის განმავლობაში. ყველა ვხედავთ, რომ ფეხზე იდგა საათობით და ბოლო პროცესზე განსაკუთრებით 10 საათის განმავლობაში მართლა არ ვიცი მე რას ემსახურება. იმედის გაჩენაც ძალიან მაშინებს, რომ არ მოგატყუოთ, ხომ არ გვეთამაშებიან, რომ ყველა გადადებაზე იმედი გაგვიჩნდეს, რომ იქნები იმიტომ გადადეს, რომ იქნებ რაღაც იცვლება.
მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ, რომ ეს სოლიდარობა მარტო ჩვენთვის არა, მზიასთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი რამ ვიცი ასევე, რომ რაც არ უნდა გამოაცხადოს ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს, მზიამ დღეს გვითხრა ძალიან დიდი რამ, რომ ის თავს გრძნობს გამარჯვებულად და ამიტომ ჩვენც უნდა გვჯეროდეს და ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ მზია არის გამარჯვებული," - განუცხადა თამარ რუხაძემ "ტვ პირველს".
მზია ამაღლობელმა დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მოსამართლე მის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს.
ფოტო: "ბათუმელები"