ეს არის ერთადერთი ბედი, რომელსაც ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილე პირები მყარად გაიზიარებენ, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესება.
„დასავლეთის მიერ სანქცირებული ხელისუფლება ჩინეთში გაიძურწა. გუშინ ლიეტუვამ გააფართოვა სანქცირებულ პირთა სია, რომელიც აღარ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, არამედ უკვე შეიცავს მოსამართლეებს, ანტიკორუფციულ ბიუროს და სხვადასხვა წრეებს. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შედეგად, სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს. მინდა ყველა ცრუ მოწმემ, პოლიციის თითოეულმა ოფიცერმა, რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ყველა იმ პირმა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ თანაზიარია იმ ბოროტმოქმედების, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩადის, ერთხელ და სამუდამოდ გაიაზროს, რომ მათი სახელები და საქმეები დასავლური სახელმწიფოებისთვის ცნობილია. შესაბამისად, ისინი იქნებიან იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა. ეს არის ერთადერთი ბედი, რომელსაც ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილე პირები მყარად გაიზიარებენ“,-აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
ამავე დროს, ის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “დასავლეთისგან სანქცირებული „ქართული ოცნება“ ჩინეთში გაიხიზნა“.
„ოფიციალური ვიზიტისას გამოფენილი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ პარტია კომუნისტურ პარტიას ეწვია. დადებითია, რომ როგორც იქნა, ბატონი ვოლსკი დაუბრუნდა საკუთარ კომუნისტურ ფესვებს. თუმცა, სავალალოა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს ჩინეთის წარმოჩენას დასავლეთის საპირწონე სტრატეგიულ პარტნიორად. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კომუნისტური ჩინეთი არ და ვერ იქნება ევროპული კავშირისა და ნატო-ს საპირწონე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. წმინდად კომუნისტურ ტრადიციაში, „ქოცები“ გვამცნობენ, რომ თურმე პარტიების შეხვედრის მიზანი ყოფილა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ რუსულ-ჩინურ მენტალობაში, პარტია და სახელმწიფო ტოტალურად არის აღრეული ერთმანეთში. პარტია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევროპელი სოციალისტების წევრი იყო, საიდანაც ის გამოაგდეს, დღეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთანაა ჩახუტებული. პარტია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სვლას ჰპირდებოდა, დღეს ევროკავშირის მიერ ოფიციალურად აღიარებულია, როგორც კრემლის ტაქტიკებით ევროპის წინააღმდეგ მომუშავე პარტია. იმ ფონზე, როდესაც რეგიონული სახელმწიფოები, მათ შორის მოლდოვა და სომხეთი, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ შეთანხმებებს აფორმებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების გასამტკიცებლად; იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ადგილი აქვს ისტორიული მასშტაბის ძვრებს, ახალ სამშვიდობო შეთანხმებებს და ახალი ტრანზიტული გზების ფორმირების პროცესს, საქართველო სრულად გამოთიშულია ყველა დადებითი პროცესიდან. ეროვნული ინტერესების ლობირების ნაცვლად, ხელისუფლება, რომელმაც მოკლა ანაკლიის პორტის პროექტი და საქართველოს განვითარების პერსპექტივა, დღეს უკვე ღიად ეფლირტავება ისეთ ავტოკრატიულ სახელმწიფოებს, რომელიც ევროპული კავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ იღვწიან. სწორედ ეს არის რუსული ამოცანა - საქართველო, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სუვერენული საგარეო ხმა, რომელიც მტერს „მოყვარეს“ უწოდებს, ხოლო მოყვარეს „მტერს“, რომელიც ათავისუფლებს საუკეთესო პროფესიონალებს და პატრიოტებს საგარეო უწყებიდან და ხელს უწყობს ქართული საგარეო და ეროვნული ინტერესის სრულ კვდომას. დღეს „ქართული ოცნება“ ასრულებს რუსული საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციას და სწორედ ამიტომ, თითოეულმა პატრიოტმა ქართველმა ყველაფერი უნდა იღონოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად, უკლებლივ ყველა ფრონტისა და ინსტრუმენტის გამოყენებით“,-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.