ბატონმა ანიტამ, უკაცრავად, ბატონმა ლევან ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს და რაც უფრო მეტ განცხადებას გააკეთებს, კიდევ უფრო მეტად სასაცილო გამოჩნდება საზოგადოების თვალში - საინტერესოა, კორუფციას რომ „ებრძვის“, 200 ათასი საიდან იშოვა? - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართვას ძალოვანი უწყებების მიმართ.
გორდულაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი „კომიკური ადამიანია“.
„ისე, საინტერესოა, კორუფციას რომ „ებრძვის“ ლევან ხაბეიშვილი, 200 ათასი საიდან იშოვა? რა მანქანებით იპოვა და როგორ აპირებს ამ ყველაფრის მოძიებას. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, შეიძლება ნატურით გადაიხადოს. ალბათ, აქვს მიღებული რაღაც ქონებები მაშინ, როდესაც კეზერაშვილის ხელდასმით იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ე.წ. თავმჯდომარე. კომიკური ადამიანია და ზოგადად, ამ ადამიანზე ასე სერიოზული განცხადების გაკეთებაც შეუძლებელია. ბატონმა ანიტამ, უკაცრავად, ბატონმა ლევან ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს და რაც უფრო მეტ განცხადებას გააკეთებს, კიდევ უფრო მეტად სასაცილო გამოჩნდება საზოგადოების თვალში“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა“.