ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ და ეს ტერორიზმის წახალისებად შეაფასა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ თელ-ავივის მახლობლად პალესტინის სახელმწიფო აღიაროს.
ასეთი ნაბიჯი ტერორიზმს ახალისებს და კიდევ ერთი ირანული მარიონეტული სახელმწიფოს შექმნის საფრთხეს ქმნის, როგორც ეს ღაზის მსგავსად მოხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ პალესტინის დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებამ შესაძლოა ისრაელის განადგურება გამოიწვიოს.
„მოდით, ვიყოთ მკაფიო – პალესტინელები არ ისწრაფვიან სახელმწიფოსკენ ისრაელის გვერდით; ისინი ისწრაფვიან სახელმწიფოსკენ ისრაელის ადგილზე“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გააკეთებს.