ყველაზე რეალისტური სცენარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი არ აპირებს საქართველოს მოქალაქეების დასჯას, თუმცა "ოცნების" რეჟიმის მიერ მიღებული რეპრესიული კანონები, პროტესტების ჩახშობა და ევროკავშირის საგარეო კურსის იგნორირება, რეაგირებას საჭიროებს.
"შედეგები რაც შეიძლება დადგეს, ესაა ასოცირების შეთანხმების გადახედვა, შეჩერება სრულად ან ნაწილობრივი მიმართულებების. ასევე ვსაუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე, რომელიც შესაძლოა გაიყინოს, შეჩერდეს. ჩვენი მიზანი არ არის მოსახლეობის დასჯა, პირიქით, ჩვენ პატივს ვცემთ ხალხს, ვინც იბრძვის უწყვეტად ევროპული მომავლის დასაცავად 7 თვეზე მეტია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" პოლიტიკას, პროპაგანდას, როდესაც ისინი ევროპის კავშირს საბჭოთა კავშირს ადარებენ.
რეალურად, "ოცნების" მიერ ბოლოს მიღებული კანონმდებლობა, ოპოზიციისა და პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები - ესაა სწორედ საბჭოთა სტილი და რუსული მოქმედების ხერხი. ყველაფერ ამას დამატებული "ოცნების" საგარეო ვექტორი და სრული აცდენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, ვფიქრობ, ეს ყველაფერი სამართლიან რეაგირებას საჭიროებს ევროკავშირის მხრიდან.
მართალია, აგვისტო პასიური სამუშაო თვეა ევროპაში, თუმცა წინ დატვირთული შემოდგომა გველოდება და არ გამოვრიცხავ, რომ სანქციები ან რაიმე შემზღუდავი ნაბიჯები გადაიდგას "ოცნების" პოლიტიკის საპასუხოდ. ყველაზე რეალისტურია ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვაა, რადგან იცით, რომ ეს არ საჭიროებს 27-ვე სახელმწიფოს თანხმობას.
რაც შეეხება კრიზისიდან გამოსავალს, ევროპარლამენტმა რეზოლუციაშიც ავსახეთ ჩვენი პოზიცია, რომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ახალი დემოკრატიული არჩევნებია, და ეს უნდა მოხდეს თანაბარ სათამაშო პირობებში. უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებაა საჭირო, რეალურად კი ჩვენ ვნახეთ ძალადობა გასულ არჩევნებზე, რაც ასახა თავის დასკვნაში ეუთო/ოდირმაც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ახალი არჩევნების მოწოდება და ის უნდა ჩატარდეს საერთაშორისოდ აღარებული წესებით, - განაცხადა კოლსმა.