არა ერთხელ აღგვინიშნავს, რომ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის სპეცოპერაცია. არჩევნები რომ იყოს, ყველა პოლიტიკოსი დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ქვეყანაში აღარ ტარდება არჩევნები, ეს არის სპეცოპერაცია და ჩვენ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„ორი მთავარი მიზეზია. ერთია, რომ ვინც მიიღებს მონაწილეობას, იქცევა სისტემურ ოპოზიციად, რომელიც დაეხმარება დემოკრატიის იმიტაციაში დიქტატორულ ძალად ივანიშვილის პარტიის სახით და მეორე – წინააღმდეგობა შესუსტდება. ის, რაც მთავარ დაბრკოლებას უქმნის რეჟიმს, იწვევს შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს, საერთაშორისო ზეწოლას, რაც არის ეფექტური ერთადერთი გზა მსგავსი ტიპის რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამ ბრძოლას დაანებებს თავს ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, ვინც ე.წ. არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი. ერთადერთი, ვინც პოზიცია უნდა შეიცვალოს, არიან ის პოლიტიკური აქტორები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ძალიან კარგად დაინახეს 18 ივლისის აქციაზე და მათ შორის ყველგან, რა არის საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ დიდი ნაწილი „ქოცია“ და ამიტომ შეიძლება, ახლაც „ქოცურ“ ნარატივებს მიჰყვებიან.
„სინამდვილეში, ერთადერთი, ვისაც არ სჯერა წინააღმდეგობის, პროტესტის, უნდა, რომ დათესოს ნილიჰილიზმი – პროტესტისა და წინააღმდეგობის მიმართ არის ივანიშვილი და მისი ბანდა, რადგან ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, რომ დიქტატორული სისტემები მარცხდება არა სპეცოპერაციებში მონაწილეობის მიღებით, არამედ ბრძოლით, წინააღმდეგობით, საპროტესტო გამოსვლებით და ართანამშრომლობით. ეს არის გზა ივანიშვილის დემონტაჟის და არა ისეთ „ქოცურ“ პროცესში შესვლა, სადაც თავიდანვე მარცხისთვის ხარ განწირული პროცესში, რომელშიც მონაწილეობას აპირებენ ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილმა კომენტარი გააკეთა ანა დოლიძესთან დაკავშირებით. ფავლენიშვილის თქმით, დოლიძის პოზიციას მას შემდეგ შეაფასებს, როდესაც კონკრეტულად გამოაცხადებს, რას აპირებს ეს პიროვნება.
„რაც შეეხება ზოგადად შეფასებას, საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობა დგას ძალიან მყარ პოზიციაზე – წინააღმდეგობის და ართანამშრომლობის გზაზე, ხოლო პოლიტიკური აქტორები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არის მათთვისვე წამგებიანი, რადგან ეს ხალხი თუ საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტურ უმრავლესობას არ დაჰყვება, ეს მათთვისვე ცუდი იქნება, რადგან ქვეყანაში მათ მხარს უჭერენ ივანიშვილის მოწინააღმდეგები. თეორიაში ასეა და პრაქტიკაშიც ასე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.