"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ციხიდან ხედვას აქვეყნებს - როგორ უნდა მიაღწიონ გამარჯვებას. მისი აზრით, ერთიანობა არის მეტი ძალა და სწორედ ესაა რეალური შესაძლებლობა გამარჯვებისთვის.
"მოკლედ რომ ვთქვათ, ეს დოკუმენტი არის იმის შესახებ, რომ მეტი ერთიანობა არის მეტი ძალა, მეტი ძალა არის მეტი ნდობა და მეტი რეალური შესაძლებლობა გამარჯვებისთვის. ჩვენმა მოქალაქეებმა ეს კარგად იციან, უბრალოდ პირველ ნაბიჯს ჩვენგან ელოდებიან. გამარჯვების გზა - ძალა ერთობაშია. გამარჯვების გზა ჩვენს ერთიანობაზე, მძლავრი ალტერნატივის ფორმირებაზე გადის.
რა დაამარცხებს იმედგაცრუებას? - ჩვენი გაერთიანება
რა გაააქტიურებს პროტესტს? - ჩვენი გაერთიანება
რა დააჩქარებს პარტნიორების ქმედებებს? - ჩვენი გაერთიანება, ძლიერი ალტერნატივის და წინააღმდეგობის დანახება;
რა ჩამოშლის „ქართულ ოცნებას“? - ჩვენი გაერთიანება;
რა დააჩქარებს გამარჯვებას? -ჩვენი გაერთიანება." - ნათქვამია წერილში.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის თქმით, ერთიანობისთვის აუცილებელია პროდასავლურ, პატრიოტულ ფლანგზე, ხოლო უკომპრომისობა - ოცნებასთან მიმართებით.
"ქართული ოცნების პროპაგანდა არც დიფ სთეითი“, არც ომის, არც ნაცების შიშის ყალბ პროპაგანდაზე არ დგას - ესენი მხოლოდ დამხმარეა. მათი პროპაგანდის მთავარი ღერძი ჩვენი სისუსტე, დაქსაქსულობა და ურთიერთთავდასხმებია. ის რეიტინგი, რაც ოცნებას უფიქსირდება, 30 თუ 35%, იმიტომ კი არ აქვთ, რომ ამდენ ხალხს ტვინი გამოურეცხეს და ხალხი ანტიევროპელი, ანტიდემოკრატი, ანტიამერიკელი, პრორუსი გახდა ან კიდევ მოსწონთ ახალგაზრდების ცემა, დაჭერა და ა.შ. არამედ ისინი ჩვენთან შედარებით უფრო კონსოლიდირებულები და ძლიერები ჩანან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ნომერი ერთი არის ძალის ჩვენება, არა გაფანტული უმრავლესობა, არამედ კონსოლიდირებული, ძლიერი ერთობა, რაც გაცილებით მეტია (მათ შორის ციფრებით) ვიდრე რეჟიმი" - წერს ვაშაძე.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ასახელებს ერთიანობის 8 საფუძველს - მიზანი, რის გარშემოც ვერთიანდებით, ამოცანები - მიზნის მისაღწევად, პრინციპები, რაზეც ვთანხმდებით, გაერთიანების სტრუქტურა, გადაწყვეტილებების მიღების წესი, ერთიანობის შტაბი - მექანიზმი, რითაც ვახდენთ ამ ერთიანობის რეალიზებას, ფინანსები (ფანდრაიზინგი) და ქართული დამოუკიდებელი მედია.
"მიზანი - საქართველოს დაბრუნება დემოკრატიული განვითარების გზაზე; ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის; ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აღდგენა; დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრულყოფა.
ამოცანები - ახალი წესებით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება; რეჟიმის ცვლილება.
პრინციპები: ვივიწყებთ განსხვავებებს – ერთიანობა მოქმედებს საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით; ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ერთად; კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე; გადაწყვეტილება რევიზიას აღარ ექვემდებარება; გადაწყვეტილება სავალდებულოა გაერთიანების ყველა წევრისთვის" - წერია ვაშაძის სტრატეგიაში.
რაც შეეხება გაერთიანების სტრუქტურას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პარიტეტული პრინციპით უნდა შედგეს გაერთიანების საბჭო, რომელიც შევლენ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი/საპროტესტო/სამოქალაქო ჯგუფები. ის ხაზს უსვამს სალომე ზურაბიშვილის როლსაც.
"ქალბატონ სალომეს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს გაერთიანება მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს მის მიერ ინიცირებული "წინააღმდეგობის პლატფორმის“ და ე.წ.თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილე 8 პარტიის ბაზაზე. უფრო მეტიც, ვფიქრობ, ამ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს, მესმის, ბევრი აკრიტიკებს მაგრამ ჩვენც უნდა მივეხმაროთ .მე მასთან ბოლო 2 თვის მანძილზე მქონდა ურთიერთობა და დავრწმუნდი მის გულწრფელ სურვილში, დააბრუნოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე" - ნათქვამია წერილში.