საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„გეკა გელაძე კლინიკაში მოთავსებულ პოლიციელებს გაესაუბრა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები მოინახულეს პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ მურადაშვილმა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად, სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მომხდართან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით, ხუთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.