„ლელო-ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
ხაზარაძე მოუწოდებს ყველას, შეუერთდნენ ამ ბრძოლაში.
„მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას. სამ თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის. ქართველ ხალხს ხელიდან არ უნდა გამოვაცალოთ ბერკეტი. ბოიკოტი კი სწორედ „ქართული ოცნების“, ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს და, განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე – ეს დამატებითი ბრძოლის ველია, მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა. ჩვენი მიზანი უცვლელია – ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ამ სულისკვეთებით გაფორმდა ეს მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დავტოვოთ. ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო“, ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია. მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების – ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალია“, – წერს მამუკა ხაზარაძე.