სასაცილო მომენტია, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას ჯერ მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და ოპოზიციას მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში - ასეთი ხალხი ჰყავს გაღმერთებული ამ „აკა-ცუკა“ ოპოზიციას, თითქოს რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც, ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.
პაპუაშვილის თქმითვე, რასა იუკნევიჩიანე ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს.
„რასა იუკნევიჩიანეს ეს განცხადება რა მოსატანია, როდესაც ის ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ. შეგახსენებთ, მან თქვა, რომ ევროპასთან დაკავშირებით საკითხები არის ქართველი ხალხის ბრალი, ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“. პირდაპირ ფაშისტური განცხადებაა, როდესაც გამოარჩია მოქალაქეების ერთი ჯგუფი პოლიტიკური ნიშნით. [ვინც] მის გემოვნებაში არ ჯდება, ისინი გამოაცხადა დამნაშავეებად. როდესაც ადამიანი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ, იქ დეზინფორმაცია მსუბუქი დანაშაულია.
მინდა, კიდევ ერთხელ რეზოლუციას შევეხო, რომელიც მისი მომზადებული იყო. ცალკე სასაცილო მომენტია, რომ მის მიერ მომზადებულ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს, მანვე შეიტანა შესწორება და ოპოზიციას მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ასეთი ხალხი ჰყავს გაღმერთებული აი ამ „აკა-ცუკა“ ოპოზიციას. თითქოს რაღაც რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე. მათ შორის, ამ რეზოლუციაში ვნახეთ ჩანაწერი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად აღიარების შესახებ, რომელიც 7 წლის წინ აირჩა. ევროპარლამენტი ხომ უკვე დაამსგავსეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს, ახლა „ბრეჟნევიზაციის“ პროცესი თუ უნდათ, რომ დაიწყონ... 7 წლის წინ არჩეული ადამიანი, რომელსაც ვადა უკვე კარგა ხანია გაუვიდა, უნდათ, რომ ლეგიტიმურად აღიარონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.