სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი" აგროდაზღვევის სფეროში ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს.
კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განმარტებით, 2011 წლის 1 კვარტალში "ალდაგი ბი-სი-აი" მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების დაზღვევის ისეთ პროდუქტებს შესთავაზებს, როგორიცაა შინაური ცხოველების, სათბურების, სიმინიდის და სხვა კულტურების დაზღვევა.
მისივე განმარტებით, კომპანიამ აგროდაზღვევის სფეროში წარმოქმნილ რისკების გადაზღვევასთან დაკავშირებით მსოფლიოს ცნობილ გადამზღვევ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გააფორმა.
"ეს სეგმენტი საკმაოდ რისკიანია, თუმცა მზად ვართ, რომ ამ ბაზარზე შესასვლელად ინვესტიცია განვახორციელოთ. ამ მიზნით, მოწვეული გვყავდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინაში სოფლის მეურნეობის სადაზღვევო ინდუსტრიას ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ. აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან, შედეგად, ნოემბერიდან რამდენიმე ფერმერთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ ხორბლის მოსავალი დავუზღვიევთ. უკვე ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სხვა კულტურების დაზღვევაზე, როგორიცაა სიმინიდის, ბოსტნეულის, ასევევ შინაური ცხოველების დაზღვევა, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას," - აცხადებს გამყრელიძე.
სადაზღვევო პოლისის წლიური პრემია შინაური ცხოველების, ისევე როგორც ნათესების რისკიანობის გათვალისიწნებით, საქართველოს რეგიონების მიხედვით დაიანგარიშება.
ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, პოლისის შესაძენად ფერმერი გარკვეულ სტადარტებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, ცხოველების შემთხვევაში გათვალისიწნებული იქნება ფერმაში არსებული პრაქტიკა, საქონლის მარკირების სისტემა, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ კერძო პირებს არ ექნებათ დაზღვევის პროდუქტის შეძენის საშუალება. მაგალითად, მომავალში შესაძლებელია სოფლად წვრილი ფერმერების სოლიდურად დაზღვევა.
ამ ეტაპზე "ალდაგი ბისიაი" მოლაპარაკებებს რამდენიმე დიდ ფერმასთან აწარმოებს.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი" პირველი კომპანიაა, რომელმაც 2010 წელს პირველი აგროდაზღვევის პოლისი გასცა.