ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი არ ეთანხმება იმ მისაზრებას, რომ რუსეთი ახლა „ომს იგებს“ უკრაინის წინააღმდეგ.
პაველს, როგორც გენერალს, სთხოვეს შეეფასებინა ის განცხადებები, რომ რუსეთი, ფრონტზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ომში იმარჯვებს.
„რუსეთის განცხადებასთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ გამარჯვებას სხვა ფორმა აქვს. რუსეთს რამდენიმე ტაქტიკური წარმატება აქვს. მათ მოახერხეს უკრაინის ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილის დაკავება, მაგრამ მათ წინსვლა დიდ მსხვერპლად და დანაკარგებად უჯდებათ. ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან მაღალი ფასია მიწის მიტაცებისთვის“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა BBC-თან ინტერვიუში.
მან განაგრძო, რომ ჯერჯერობით უკრაინელი დამცველები წარმატებით აკავებენ ფრონტის ხაზს, მათ შორის რთულ ადგილებში და ამავდროულად, მტერს უზარმაზარ დანაკარგებს აყენებენ.
„თუ ომი იმავე სულისკვეთებით გაგრძელდება, ის წლების განმავლობაში გასტანს. ასეთი განვითარება კი ყველასთვის მიუღებელია“, - აღნიშნა პეტრ პაველმა.