გადმოცემით რა ინფორმაციაც მაქვს, ის არის, რომ თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელში იქნა აღმოჩენილი ეს წერილი, ამოღებულია სათანადო წესით, დამაგრებულია ეს მტკიცებულება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
“რაც შეეხება წერილს, მე ამაზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ. გადმოცემით რა ინფორმაციაც მაქვს ეს არის, რომ მის ტანსაცმელში იქნა აღმოჩენილი ეს წერილი. ეს არის ერთადერთი, რაც ამ წუთას შემიძლია გითხრათ. რასაკვირველია, ამოღებულია სათანადო წესით, დამაგრებულია ეს მტკიცებულება და შესაბამისად ამის თაობაზე საზოგადოება, კანონმდებლლობით დადგენილი წესით, სრულად ინფორმირებული“,- განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, „იმედმა“ თორნიკე რიჟვაძის წერილის შინაარსს გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. მათივე ცნობით, „ქრონიკამ“ თორნიკე რიჟვაძის წერილი ექსკლუზიურად მოიპოვა.