ავტოექსპერტი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე შალვა ობგაიძე მოითხოვს, რომ სახელმწიფომ ქვეყანაში ელექტრომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მაქსიმალურად ვრცელი ინფორმაცია მიაწოდოს.
იგი ინტერესდება, რამდენად რეალურად შემოჰყავთ საქართველოში ელექტრონული მანქანები, ხომ არ გახდება მათი შემოყვანა თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ხელშემწყობი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ "თანხას ჰაერში არ გაისვრიან".
როგორც შალვა ობგაიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხთან მიმართებით გახსნილობას ვერ ხედავს.
"არავისთვის საიდუმლო არაა, რომ საქართველოს ავტოპარკი მოძველდა. მისი უმეტესი ნაწილი იმ ავტომანქანებს მოიცავს, რომლებიც ექსპლუატაციაში აქამდეც იყო. ძველი ავტომანქანები კი ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს და საგზაო ავარიების სიხშირეს იწვევს", _ აღნიშნა ობგაიძემ.
ექსპერტის აზრით, კარგა ხანია, დასავლეთში ავტომობილების საწვავის მაღალ ხარისხს იყენებენ. ამ დროს კი საქართველოში საწვავის გაუმჯობესება მხოლოდ საკანონმდებლო დონეზეა ასახული. ამასთან, დასავლეთში უკვე გამოჩნდა ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც ჩვეულებრივ საწვავსა და ელექტროძრავაზე მუშაობენ.