ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კი მაგრამ, რატომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები? რადგან შენ რომ გინდოდა იმ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს? - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, რომელიც საქართველოს საკითხს შეეხებოდა.
მისი თქმით, „ყველა გამოთქმულ აზრს კონკრეტული დასაბუთება სჭირდება“.
„ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კი მაგრამ, რატომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები? რადგან შენ რომ გინდოდა იმ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს? ამიტომ უნდა მოუწყო ქვეყანას ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომ ამით შენს საწადელს მიაღწიო? ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის საშინაო საქმეებში დემოკრატიული პრინციპების სრული უგულებელყოფით უხეში ჩარევაა. ამიტომ, ის დეპუტატები, ვინც ამბობენ, რომ საქართველოს ასეთი ტიპის ჩარევები არ სჭირდება არც მოსკოვიდან, რადგან თავის დროზე საქართველოში ამ პოლიტიკის გამტარებელი სწორედ მოსკოვი იყო, არც ბრიუსელიდან და არცერთი ქვეყნის დედაქალაქიდან - სწორედ ეს არის სწორი და გამართული მიდგომა. კრიტიკა მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის ობიექტურ მონაცემებზე დამყარებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არამართლზომიერი და არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ბრძოლა”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია დაცლილია პოლიტიკური შინაარსისგან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.
„დემოკრატიულ ქვეყანაში მარტივია, როცა მოდის არჩევნები, ყველა არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს, მაგრამ აქ სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. ამ ოპოზიციის ფასი ქვეყნისათვის, როგორც პოლიტიკური ძალისა, არის მხოლოდ ნეგატივის მატარებელი, პოზიტივის მატარებელიც კი არ არის. აქედან გამომდინარე, მიიღებენ თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენთვის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.