ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა 400 პროცენტით უნდა გაზარდონ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები, ასევე მნიშვნელოვნად გაზარდონ ხელმისაწვდომი იარაღის რაოდენობა, გააძლიერონ ჯარების ლოჯისტიკა და სამედიცინო მხარდაჭერა. ამის შესახებ რუტემ ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.
„გასულ კვირას ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ ახალ ამბიციურ მიზნებზე. ზუსტი დეტალები გასაიდუმლოებულია. მაგრამ ჩვენ გვჭირდება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის 400 პროცენტით გაზრდა“, - თქვა რუტემ.
„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი საჰაერო ტერორს. ამიტომ, ჩვენ გავაძლიერებთ ფარს, რომელიც დაიცავს ჩვენს ცას“, - დასძინა მან.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ჯარებს „ასევე სჭირდებათ ათასობით ახალი ჯავშანტექნიკა და ტანკი, მილიონობით დამატებითი საარტილერიო ჭურვი“.
„ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობები, როგორიცაა ლოჯისტიკა, მიწოდება, ტრანსპორტირება და სამედიცინო უზურუნველყოფა.“
მისი თქმით, ალიანსის წევრები მეტი სამხედრო ხომალდისა და თვითმფრინავის შეძენაში ჩადებენ ინვესტიციას.
„მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ამერიკელი მოკავშირეები სულ მცირე 700 F-35-ის ტიპის გამანადგურებელს შეიძენენ. ჩვენ ასევე ჩავდებთ ინვესტიციას მეტ დრონსა და შორი მოქმედების სარაკეტო სისტემებში. და ჩვენ მეტ ინვესტიციას ჩავდებთ კოსმოსურ და კიბერშესაძლებლობებში. რადგან თუ მეტ ინვესტიციას არ ჩავდებთ, ჩვენი კოლექტიური თავდაცვა საიმედო არ იქნება“, - განაცხადა მარკ რუტემ.