უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის წინადადებას, 2-3 დღით შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები ფრონტის გარკვეულ რაიონებში, რათა რუსებმა შეძლონ თავიანთი ჯარისკაცების ცხედრების გაყვანა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით დღის წესრიგი არ შეუცვლია.
ჩვენ ვსაუბრობთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყვეების გაცვლაზე და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნებაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა არა სხეულების გასაყვანად, არამედ ცოცხალი ადამიანების გადარჩენისთვის არის საჭირო:
"ისინი მზად არიან რამდენიმე დღით ცეცხლი შეწყვიტონ, რომ ბრძოლის ველიდან მოკლულები გაიტანონ. მიმაჩნია, რომ იდიოტები არიან. ცეცხლის შეწყვეტა ზუსტად იმისთვის არის საჭირო, რომ არავინ დაიღუპოს. ანუ, ხედავთ განწყობას? მათთვის ეს ომში მცირე პაუზის საკითხია".
ზელენსკის თქმით, რუსეთის წინადადებას არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან.
„რადგან ამ მომენტში, სხვა ადგილებში, ომი გრძელდება. ყველა სხვა ტერიტორიაზე. სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობას რაკეტებით, დრონებით და ა.შ. ესხმიან თავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
2 ივნისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმა არ არის.