დღეს, 27 ნოემბერს, სასტუმრო "ვერე პალასში" ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა დასახმარებლად პროექტის - "ჰუმანურობა პირველ რიგში" პრეზენტაცია გაიმართება. როგორც დამოკიდებულების კვლევით ცენტრ "ალტერნატივა ჯორჯიაში" აცხადებენ, აღნიშნული ცენტრი, ჰოლანდიური ორგანიზაცია "Mmainline Foundation" და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" ერთობლივად იწყებენ პროექტს - "ჰუმანურობა პირველ რიგში". პროექტი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება.
პროექტის მიზანია ნარკოტიკების მომხმარებელთა და წამალდამოკიდებულ პირთა ჯანმრთელობის უფლების მხარდაჭერა და მათთვის ეფექტური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათ შორის საპატიმრო დაწესებულებებში.
ძირითადი აქტივობები ითვალისწინებს მაღალი რანგის პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების შეხვედრებს ევროპელ ექსპერტებთან, სასწავლო ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში და სამართალაღსრულების სისტემის, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებების, თანამშრომელთა ცოდნის და უნარების ამაღლებას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.