პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მას საკმარისი დამოუკიდებლობა აქვს, რათა ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება.
„რაც შეეხება ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, უნდა გადავხედოთ იმ ვალდებულებების უშველებელ სიას, რომელსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მთავარია საქმე, შედეგი და ამ შედეგზე აუცილებლად უნდა გავიდეთ, მათ შორისაა ეკონომიკური მაჩვენებელი და არა მხოლოდ გარკვეული შეთანხმებები – ვალდებულება შესრულებული იქნება ევროკავშირთანაც და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებასთან, თუ სახელმწიფო კონსტიტუციური იქნება და სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე იქცევიან. სტრუქტურის შექმნა ერთი საკითხია, ფორმალობა და ორგანიზაციული ნაწილია. ალბათ, შეერთებაზე დასაბუთებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარმოადგენს, მაგრამ პოლიტიკურად შევხედავთ, მთავარია, ხარისხი იყოს და საქმე იმ ამოცანების შესასრულებლად გაკეთდეს, რასაც ევროკავშირთან ვალდებულებები ჰქვია. ამ ვალდებულებების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საკმაოდ კარგ პოზიციაზე გვაყენებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.