ირაკლი ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია - ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ეხმიანება სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილ მინისტრისთვის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის ფაქტს.
„ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ, ფაქტია რომ მაგარი ვაჟკაცია ბიჭია. უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბრძოლო დავალებაზე რომ გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, ფაქტია, რომ ქვეყანა კიდევ ჩრდილო კორეისკენ მიექანება“,- წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.