დონალდ ტრამპის საუდის არაბეთში ვიზიტის პირველ დღეს, აშშ-მ საუდის არაბეთთან 142 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს
თეთრი სახლის ცნობით, საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მათ შორის 124 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის შეძენის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.
შეხვედრისას დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინცს სალმანს მეგობარი უწოდა და აღნიშნა, რომ მათ კარგი ურთიერთობები აქვთ. ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის ინვესტიციები აშშ-ში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთში ჩავიდა, რითაც მან სპარსეთის ყურეში დაგეგმილი 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტების სერია დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ტრამპი Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორთან და თავის მრჩეველთან, ილონ მასკთან ერთად რიადში საუდი-აშშ-ს საინვესტიციო ფორუმზე მივა, საიდანაც დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.