„ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება, - ასე ეხმისნება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი.
ჯანელიძის თქმით, სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება.
„კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“, - წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.