დღეს, 27 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" პარტნიორ ორგანიზაცია "სამართალი და მშვიდობა ნიდერლანდებთან ერთად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისათვის" "მატრას" სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის ფარგლებში პროექტის "შესმენილ იქნას საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ხმა" შემაჯამებელ ღონისძიებას "სამოქალაქო ჩართულობის ფორუმს" გამართავს.
პროექტი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს ხუთ რეგიონს მოიცავდა და შესაბამისს რეგიონებში ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში თემების ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელისუფლებო ორგანოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვეულნი არიან საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი.
ღონისძიებას საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მისი პიტერ იან ლანგენბერგი გახსნის.