„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი და ოთხი ევროპული ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ტელეფონით ესაუბრნენ ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა Telegram-ზე წერს.
სიბიჰას განცხადებით, 10 მაისს, კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, ხუთივე ლიდერმა - ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ემანუელ მაკრონმა, ფრიდრიხ მერცმა, დონალდ ტუსკმა და კირ სტარმერმა - ტრამპთან სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ პროდუქტიული სატელეფონო საუბარი გამართეს.
„უკვე ორშაბათიდან უკრაინა და მისი ყველა მოკავშირე მზად არის სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში“, - აღნიშნა სიბიჰამ.
მისი თქმით, თუ რუსეთი დათანხმდება და უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური მონიტორინგი, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისა და ნდობის აღდგენის ზომების მიღებამ შესაძლოა გზა გაუხსნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა კიევში ჩასვლამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.