„ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ გამალებით ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ თავის ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ დიდი რევოლუციონერები არიან, ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და სხვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს ამ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უმალავენ.
„ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს არჩევნებისთვის მზადება – ეს ნიშნავს ფინანსების გამოყოფას, მათ შორის შეიძლება, დამატებითი რესურსით გაძლიერებას პარტიული სტრუქტურების, ოფისების და ა.შ. ანუ, უპირველეს ყოვლისა, ფულის გამოყოფას გულისხმობს, ფულის მოძიება და გამოყოფა. რა გგონიათ, რომ თაღლითების, ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს სავარაუდო არჩევნებისთვის, რომელიც იცის, რომ არც დაინიშნება?! ისინი სადაც ფულის ხარჯვას იწყებენ, იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც იციან, ნამდვილად, რომ ჩატარდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მეორე, პატარა ქვეყანავართ, ყველა ყველას იცნობსო, რომ ამბობენ, იგულისხმება, რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მთლიანად საქართველოს, რეგიონებს და ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რით არიან დაკავებული, ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თავის ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ არიან დიდი რევოლუციონერები, ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ა.შ. მინდა, „ლელოს“ და „საქართველოსთვის“, მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიებიების ამომრჩევლებმა იცოდნენ, მათაც უმალავენ სავარაუდოდ, რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.