აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა. იუწყება Kyiv Independent.
როდესაც დემოკრატმა კონგრესმენმა ხუან ვარგასმა ჰკითხა: „მიგაჩნიათ თუ არა ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავედ?“, ბესენტმა უპასუხა: „დიახ“.
აღნიშული კომენტარი ბესენტმა კონგრესში სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.
როდესაც ვარგასმა ჰკითხა: „მოლაპარაკებას გამართავდით ომის დამნაშავესთან?“, ბესენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, დიპლომატიის არსი სწორედ ეს არის - ორივე მხარესთან უნდა აწარმოო მოლაპარაკება“.
„მე მიმაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიასთან მოლაპარაკებები აუცილებელი იყო“, - დასძინა ბესენტმა.
ბესენტმა ასევე ისაუბრა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე სანქციების გამოყენების შესახებ. სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სუსტი უწოდა. ბესენტმა აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ დაბალი დონის ნავთობკომპანიებს ეხებოდა და დაწესდა ფასის ზღვარი, რომელმაც ვერ იმუშავა.