„მეგობარ აქტს“ მეგობრობასთან საერთოდ კავშირი არ აქვს, ეს არის მტრული აქტი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული აქტი სიცრუესა და არასწორ ფაქტებზეა დაფუძნებული.
„ვაკვირდებით პროცესებს. არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ვხედავთ, პრეზიდენტი ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, რომელსაც აქვს საკმაოდ ღრმა ფესვები, როგორც ჩვენთან ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მეგობრობასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის მტრული აქტი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. ძირითადად, შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ კონკრეტულ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მეგობრული. პირიქით, ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ და გამარჯვებას ვუსურვებთ „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში. ის თუ მოახერხებს და შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება“, – განაცხადა კახა კალაძემ.