„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის, ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება, მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და აშშ-ის ხალხის ურთიერთსასარგებლოდ, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვისას განაცხადა.
„155 დღეზე მეტია, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავიანთი ქვეყნის მომავლისა და მათი ერის სულისკვეთების დასაცავად. ისინი გამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით და ატარებენ ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბანერებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად. მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა, ივანიშვილმა, მიიყვანოს მათი ქვეყანა ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე. საქართველო შავი ზღვის სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის აფასებდა რთულად მოპოვებულ თავისუფლებას. სამწუხაროდ, ხალხის ნებას ახშობს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, ქვეყანა მიჰყიდოს ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პრაქტიკულად უთმობს შავი ზღვის პორტს, რომელიც ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს; ასევე ემორჩილება თეირანის რეჟიმს, რომელმაც, როგორც ვიცით, გუშინ განახორციელა თავდასხმა ისრაელზე, და სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ცდილობს, დაიმორჩილოს ქართველი ხალხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პროამერიკული ხალხია მსოფლიოში“, – განაცხადა ჯო უილსონმა.
მისი თქმით, გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ მარიონეტი იყო.
„ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა თქვა: „ქართული ოცნების მთავრობის მიერ გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა მიუნხენში: „შეუძლებელია, დემოკრატიული მანდატის მოპოვება თქვენი ოპონენტების ცენზურით ან დაპატიმრებით. ასევე შეუძლებელია ამის მიღწევა თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ვის აქვს უფლება, იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი?“. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის. ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება. მე მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის ურთიერთსასარგებლოდ“, – აღნიშნა ჯო უილსონმა.