კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი "ქართული ოცნების" ცაზე, - ამის შესახებ პარტია ლელოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა „მეგობარი აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
"კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი "ქართული ოცნების" ცაზე. საბოლოოდ ჩამოიშალა და დღეს უკვე გაფორმდება დოკუმენტურად ის ლეგენდა, რომ ტრამპთან ქართული ოცნება დალაგდება და საერთო ფასეულობები აქვთ. ირანის, "ჰეზბოლას", "ჰამასის", რუსეთის და ჩინეთის მეგობრებს საერთო არ აქვთ არაფერი თავისუფალი სამყაროს ლიდერთან - დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის ხელმოწერაც დაამშვენებს ამ დოკუმენტს.
მნიშვნელოვანი ეტაპია, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის "ქართული ოცნება" საერთაშორისო წნეხს და „მეგობარი აქტის“ ძალაში შესვლა ამ წნეხის გაათმაგებაა", - განაცხადა დათუნაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასევე მოიცავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვის პროცესის დაწყებას.
ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.