რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება
საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული წინა პირველი ტურის შედეგები გააუქმა.
ნოემბერში, პირველ ტურში, ოდიოზურმა პოპულისტმა კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა შედეგები სოციალურ ქსელებში მანიპულაციებისა და საზღვარგარეთიდან ჩარევის გამო გაუქმდა.
18 979 საარჩევნო უბანი 21:00 საათზე დაიხურება. პირველი ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადდება. არცევნებში გასამარჯვებლად 11 კანდიდატი იბრძვის. სხვადასხვა პროგნოზით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების ოფიციალური დათვლისა და შედეგების გამოცხადების შემდეგ, ორ კვირაში, 18 მაისს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც პირველი ტურში ორი გამარჯვებული კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
საზღვარგარეთ მყოფი რუმინელების დიდმა ჯგუფმა, სადაც პოპულარულია, ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსი ჯორჯ სიმიონი, ხმის მიცემა პარასკევს დაიწყო. აქტივობა მაღალი იყო.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, სიმიონი ხმების დაახლოებით 30%-ს აგროვებდა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ 50%-ზე, რომელიც მას არჩევნების მეორე ტურის თავიდან ასაცილებლად სჭირდება.
სიმიონის მთავარი კონკურენტები ორი ცენტრისტია: 65 წლის ყოფილი სენატორი კრინ ანტონესკუ, რომელსაც ამჟამინდელი პროდასავლური მთავრობის სამი პარტია უჭერს მხარს, და 55 წლის ბუქარესტის მერი ნიკუსორ დანი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პლატფორმით დამოუკიდებლად იყრის კენჭს.
ვიქტორ პონტა, ყოფილი მემარცხენე პრემიერ-მინისტრი, რომელიც კონსერვატორი ნაციონალისტი გახდა, გამოკითხვებში მეოთხე ადგილზეა.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუსეთის ჩარევის გამო გააუქმა. შესაბამისად, გააუქმა არჩევნების მეორე ტურიც, რომელიც 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს - კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.
24 ნოემბერს გამართული პირველი ტურის შედეგებით ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ლიბერალმა ელენა ლასკონიმ ხმების 19.18% მოიპოვა.
რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა. თავად ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.