Reuters -ის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შემუშავება დაასრულეს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით სანქციების სამიზნეებს შორის არიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“, ასევე ბუნებრივი რესურსებისა და საბანკო სექტორის მსხვილი კომპანიები. მაღალჩინოსანს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, დაამტკიცებს თუ არა ამ პაკეტს ტრამპი, „რომლის სიმპათიაც მოსკოვის განცხადებებისა და ქმედებების მიმართ იმედგაცრუებით შეიცვალა რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესახებ მისი მოწოდებების უგელებელყოფის გამო“.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო „ცდილობს, კოორდინაცია გაუწიოს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სადამსჯელო ქმედებების კონკრეტულ ნაკრებს. მას ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი“, - განაცხადა წყარომ.
„ეს მთლიანად მისი გადაწყვეტილებაა“, - განუცხადა გამოცემას კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
„თავიდანვე, პრეზიდენტმა ნათლად გამოხატა თავისი ერთგულება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიმართ. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯეიმს ჰიუიტმა.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა, რომელიც ამერიკული სანქციების უმეტესობას ახორციელებს კომენტარი არ გაუკეთებია.
„ტრამპის მიერ ახალი სანქციების დამტკიცება, რომლებიც ოთხშაბათს აშშ-უკრაინის წიაღისეულის შეთანხმების ხელმოწერას მოჰყვება, რომელსაც ის სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში აქტიურად წინ სწევდა, შესაძლოა კრემლთან მისი გავლენის გაძლიერებაზე მიუთითებდეს,“ - წერს Reuters.