აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევამ რუსეთი და უკრაინა დააახლოვა, თუმცა ისინი მაინც შორს არიან ერთმანეთისგან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ამის შესახებ რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება, უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ. ჩვენ ვიცით, სად არის ახლა რუსეთი. ჩვენ ვიცით, სად არის უკრაინა. ისინი ჯერ კიდევ შორს არიან ერთმანეთისგან. ისინი უფრო ახლოს არიან, მაგრამ მაინც შორს.“
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში რეალური გარღვევაა საჭირო ძალიან მალე, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „მოუწევს გადაწყვიტოს, ამისთვის რამდენი დროის დათმობისთვის არის მზად .
მისი თქმით, მსოფლიოში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი.
„მე არ ვამბობ, რომ უკრაინაში ომი უმნიშვნელოა, მაგრამ ის, რაც ჩინეთთან ხდება, გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ასევე ირანის ბირთვული ამბიციები... ბევრი რამ ხდება. ამიტომ, პროგრესის მისაღწევად მალე რაღაც უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“, - თქვა რუბიომ.