საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის ანგარიშს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სუს-ის ანგარიში მოსკოვშია დაწერილი.
„ამ ანგარიშიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ ის არ არის დაწერილი საქართველოს დედაქალაქში, არ არის დაწერილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან, ეს არის მოსკოვში დაწერილი ანგარიში. ის ზუსტად ისე აფასებს საქართველოს საკითხს, ისე უყურებს საკითხებს, როგორც მოსკოვი უყურებს საქართველოს უსაფრთხოების თემას.
მძიმეა იმის ნახვა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი “, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის ვებგვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, სხვადასხვა საბაბით (მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, საპარლამენტო არჩევნების „გაყალბება“), საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო”.