პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ სუს-ის ანგარიში რუსეთის გათეთრებას ემსახურება.
"საგარეო ვექტორი არის შეცვლილი და საფრთხე რუსული ოკუპაციის შემდგომ მოდის სწორედ დასავლეთისგან რეჟიმისთვის, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდის. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში არის ასევე მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმისა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსება არ მიმდინარეობს მიუხედავად არაერთი ვიდემტკიცებულებისა და რომ იქ, თურმე, სავარაუდოდ, საკონტენიერო ტერმინალის მშენებლობაა, რაც კვლავ რუსეთის გათეთრებას ემსახურება.
პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული მედია სრულიად დასავლეთის სპეცსამსახურებად არიან მოხსენიებულები და სრულიად რუსული ნარატივია ამ ანგარიშში ჩემთვის. აბსოლუტურად ნათელია, თუ რა მისიით მივიდა ოხანაშვილი სუს-ში, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პარლამენტის ვებგვერდზე სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, სხვადასხვა საბაბით (მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, საპარლამენტო არჩევნების „გაყალბება“), საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო”.