აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში.
„მე მჯერა, რომ სწორედ ამას ვაკეთებ. მე ამ ქვეყანას გადავარჩენ. ჩემ გარეშე მას სწრაფად გათელავდნენ“, - განუცხადა მან ჟურნალ The Atlantic-ს.
ტრამპმა რუსეთს „ძლიერი სამხედრო მანქანა“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე „ომი ერთ დღეში დასრულდებოდა“.
ამავდროულად, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ამ კონფლიქტში შესაძლებელია მან უკრაინის მხარე დაიჭიროს, მაგრამ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის.
„ზელენსკისთან რთული გამოცდილება მქონდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან განმარტა, რომ აშშ-ს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად იარაღის გამოყენება სულაც არ სჭირდება, რადგან მას ასევე შეუძლია გამოიყენოს სანქციები, საბანკო სექტორში მიმართოს ზომებს ან სხვა საშუალებებს.