უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პოდოლის რაიონულმა სასამართლომ 2014 წლის თებერვალში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანიკოვიჩისა და მისი ახლო გარემოცვის წევრების რუსეთში გაქცევის საქმეზე უკრაინის ექსპრეზიდენტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კიევის პოდოლსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი და უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს - თავისუფლების 15 წლით აღკვეთა, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს კი - თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა.
საქმე უკავშირდება 2014 წლის 23 თებერვალს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის რუსეთში გაქცევას . იანუკოვიჩსა და კობზარს ბრალად ედებოდათ, რომ მათ უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი საჰაერო გზით, ასევე ორგანიზება გაუწიეს არანაკლებ 20 პირის რუსეთში უკანონო გადაყვანას.
იანუკოვიჩისთვის, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია, რუსეთის ტერიტორიაზე იმალება, ეს სისხლის სამართლის საქმეზე უკრაინული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გამოტანილი მეორე განაჩენია. 2019 წლის იანვარში იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისა და აგრესიული ომის წარმოებაში თანამონაწილეობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.