ვატიკანში სიქსტის კაპელა დამთვალიერებლებისთვის დაიხურა, რადგან კარდინალთა კოლეგია იწყებს კონკლავისთვის მზადებას, რომელზეც კათოლიკური ეკლესიის მეთაურს აირჩევენ.
კონკლავი დაიწყება 5-დან 10 მაისამდე პერიოდში, მას შემდეგ, რაც დასრულდება პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გამოცხადებული 9-დღიანი გლოვა.
კონკლავის დაწყებამდე სიქსტის კაპელაში მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. როგორც იუწყებიან, უნდა დამონტაჟდეს სიგნალის დამხშობი მოწყობილობები, რათა ახალი პაპის არჩევისთვის აუცილებელი კონფიდენციალობა იყოს უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, უნდა დაამონტაჟონ ღუმელები, სადაც ბიულეტენებს დაწვავენ.
ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიღება სიქსტის კაპელის კარები დამთვალიერებლებისთვის, რადგან კონკლავი შესაძლოა გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება უმაღლესი პონტიფექსის არჩევას.
რომის პაპი ფრანცისკე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 21 აპრილს დილით 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 26 აპრილს, მისი ანდერძის თანახმად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.