აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კანადისა და გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან გაერთიანებაზე საუბრისას, არ ხუმრობს
„სინამდვილეში არ ვხუმრობ“, - უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას ხსენებული ტერიტორიების აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით მისი განცხადებების სერიოზულობაზე.
„კანადა საინტერესო შემთხვევაა. აშშ კანადას წელიწადში 200-დან 250 მილიარდ დოლარამდე ეხმარებოდა. ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე მათ სამხედროებს, მათი [კანადელების] ცხოვრების ყველა ასპექტს...“ - ტქვა ტრამპმა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონისთვის ჩრდილოელი მეზობლის მიმართ ასეთი პოლიტიკის გაგრძელების ერთადერთი გზა კანადის შეერთებულ შტატებთან შეერთება იქნებოდა.
გრენლანდიაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ კუნძულის მაცხოვრებლები ეკონომიკურად ისარგებლებდნენ შეერთებული შტატების შემადგენლობაში გაერთიანებით.
ვაშინგტონისთვის გრენლანდიას დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ტრამპმა Time-ის შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ მას დაიმახსოვრებდნენ, პრეზიდენტს, რომელმაც გააფართოვა შეერთებული შტატების ტერიტორია.
ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბევრ კანადელს სურს, რომ მათი ქვეყანა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს. ის ფიქრობს, რომ ასეთი კავშირი კანადას ეკონომიკურ სტაბილურობას მოუტანს და დაიცავს მას გარე საფრთხეებისგან, რომლებიც, ტრამპის თქმით, განსაკუთრებით რუსეთიდან და ჩინეთიდან მოდის.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა არასდროს, არანაირი ფორმით, არ გახდება შეერთებული შტატების ნაწილი.