ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,
პაპუაშვილი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა. ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც იქნებოდა არა ცარიელი სიტყვები, როგორიც ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ტკბილ სიტყვას გვეუბნებოდნენ, თითქოს სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, მაგრამ საქმეზე ხდებოდა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ამერიკული დაფინანსების მიერ. ზუსტად იმ თაღლითური სქემებით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ გვქონდეს ახალი ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა. რა შეგვიძლია, რომ საქართველომ შევთავაზოთ აშშ-ის, მგონი, ეს დროთა განმავლობაში ვაჩვენეთ. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორად რეგიონში. გადახედონ წარსულს, იფიქრონ მომავალზე, დაფიქრდნენ და ყველამ გაანალიზოს, ვართ თუ არა ჩვენ აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.