აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ტერიტორიული დათმობების მზარდი ზეწოლის ფონზე, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო BBC-სთან საუბრისას ამბობს, რომ უკრაინას შესაძლოა მოუწიოს ტერიტორიების დათმობა, როგორც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი.
"ერთ-ერთი სცენარი არის... ტერიტორიის დათმობა. ეს არ არის სამართლიანი, მაგრამ მშვიდობისთვის, დროებითი მშვიდობისთვის, შესაძლოა ეს იყოს გამოსავალი, დროებით", - თქვა მან.
მაგრამ მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი არასოდეს შეეგუება რუსეთის ოკუპაციას.
კლიჩკომ ასევე ისაუბრა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევზე ბოლოდროინდელი მასირებული შეტევის შესახებ, რომლის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, იძულებული გახდეს, მშვიდობის მისაღწევად მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღოს.
შეგახსენებთ, ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა დაადანაშაულა ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანებაში, მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ გამორიცხა რუსეთის კონტროლის აღიარება ყირიმზე, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ყირიმი "წლების წინ დაიკარგა" და ამჟამად ის "განხილვის საგანიც კი არ არის".
საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს "ყირიმის დეკლარაცია" შეახსენა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2018 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში გამოსცა.
დეკლარაციის თანახმად, აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ვალდებულებას იღებს, ეს პოლიტიკა განაგრძოს, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იქნება.