დასავლეთის ქვეყნების აგრესიის შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. იუწყება Reuters.
"2024 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ბელარუსის რესპუბლიკის ან რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს - მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აგრესია ტრადიციული (არაბირთვული) იარაღით განხორციელდება", - განაცხადა შოიგუმ.
შოიგუს თქმით, ბირთვული შეკავება მიმართულია იმ სახელმწიფოებისა და სამხედრო კოალიციების წინააღმდეგ, რომლებიც "რუსეთს პოტენციურ მოწინააღმდეგედ განიხილავენ და მასობრივი განადგურების იარაღს ან მნიშვნელოვანი საბრძოლო პოტენციალის მქონე საყოველთაო დანიშნულების ძალებს ფლობენ".
შოიგუს ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადეს, რომ აშშ-მა, შესაძლოა, შეწყვიტოს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობა, თუ უახლოეს პერიოდში შეთანხმებაში პროგრესს ვერ დაინახავენ.