ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მზად არის დადოს შეთანხმება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
ტრამპის თქმით, რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
თუმცა, უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, მისი აზრით, უკრაინის პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა რთულია.
„ჩემი აზრით, რუსეთი მზად არის, ბევრმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის ყველაფრისთვის. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთთან. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას ზელენსკისთან.
და იმედი მაქვს, რომ ზელენსკი... მეგონა, რომ უფრო ადვილი იქნებოდა მასთან მოლაპარაკება, მაგრამ აქამდე უფრო რთული იყო. მაგრამ არა უშავს, ყველაფერი რიგზეა. და ვფიქრობ, ორივე მხარესთან გვაქვს შეთანხმება. იმედია ისინი მიიღებენ. ჩვენ დიდ ფულს ვხარჯავთ. მაგრამ აქ ადამიანებზეა საუბარი“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდაჭერისთვის გაწეული მასშტაბური ხარჯებისთვის.
„ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ბაიდენის გამო. ბაიდენს არასდროს უნდა დაეშვა ეს ომი. ჩვენ ვხარჯავთ ასობით მილიარდს, შესაძლოა, 350 მილიარდ დოლარს, რომელიც მივეცით უკრაინას და ჩვენ შეგვეძლო ეს ფული აქ გამოგვყენებინა“, - თქვა ტრამპმა.
შეგასხენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას გასულ კვირას პარიზში გადასცა ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამშვიდობო მოგვარების „საბოლოო წინადადებად“ იყო წარმოდგენილი.
გეგმის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ მზადაა აღიაროს რუსეთის კონტროლი უკრაინულ ყირიმზე და შეამსუბუქოს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ. თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას.