თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა, უკრაინის პრეზიდენტის მიმართ დონალდ ტრამპის ბოლო კრიტიკულ განცხადებაზე კომენტირებისას, თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის „მოთმინება იწურება“ და მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, კომენტარი არ გააკეთოს მედიასთან მოლაპარაკებების შესახებ.
ლევიტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ ითხოვს უკრაინისგან ყირიმის „რუსეთად“ აღიარებას.
„[ტრამპი] მხარეებს სთხოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას, იმის აღიარებით, რომ ეს სასტიკი ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და კარგი გარიგების მისაღწევად, ორივე მხარე ცოტა უკმაყოფილო უნდა იდარჩეს“, - თქვა პრესსპიკერმა.
„და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი მედიაში სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე კამათს ცდილობს და ეს პრეზიდენტისთვის მიუღებელია. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა წარიმართოს“, - დასძინა მან.
ლევიტმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი დრო და რესურსი დახარჯა ომის დასასრულებლად, ახლა კი ტრამპი "იმედგაცრუებულია და მისი მოთმინება იწურება".
„მას სურს, რომ მკვლელობები შეწყდეს. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ომის ორივე მხარე მზად უნდა იყოს ამის გასაკეთებლად. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი კი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა ლევიტმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას გასულ კვირას პარიზში გადასცა ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამშვიდობო მოგვარების „საბოლოო წინადადებად“ იყო წარმოდგენილი.
გეგმის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ მზადაა აღიაროს რუსეთის კონტროლი უკრაინულ ყირიმზე და შეამსუბუქოს სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ.