პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ დახმარება "დიფ სთეითის" მხრიდან კიდევ ექნებათ.
ვოლსკის ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტთან და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.
„საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და ვერც გაყალბდებოდა. ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება და ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, გარდა იმისა, რომ მუდმივად იძახიან, ხალხი კარტოფილით და ხახვით მოისყიდესო, ასევე, ზეწოლით, თითქოს რაღაც დაემართებოდათ, თუ 41 ნომერს არ მონიშნავდნენ. ასევე ვერსია ჰქონდათ, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ მათი ხმის მიცემის შედეგები დანახული იქნებოდა. ამისი რესურსი არ არსებობს. დღევანდელ ეტაპამდე ხელისუფლებასთან არაერთი სერიოზული შეხვედრა და დიალოგი იყო, რაც, პრაქტიკულად, ოპოზიციას ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს. ეს ცუდია, რადგან პოლიტიკურ სუბიექტებად წოდებული ადამიანები რეალობას ვერ აღიქვამენ. მეორე მხრივ, ცუდია, რადგან საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია. მართალია, მცირე რესურსით, მაგრამ შენარჩუნებულია მოლოდინი იმისა, რომ „დიფ სთეითის“ დახმარება კიდევ ექნებათ, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან. ეს ძალიან ცუდი ნიშანია პატარა ქვეყნისთვის, სერიოზულ პრობლემას ქმნის, მაგრამ რაღაცამ ხომ უნდა დაუსვას ამას წერტილი. ამ დონის ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი დაესვას. ვინმე თუ ფიქრობს პოლიტიკურ ველზე საკუთარი სუბიექტის შენარჩუნებას, რასაკვირველია, პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. არა დამანგრეველში, არა რევოლუციურში, არამედ პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკური ტრენდი შეიქმნა იმისათვის, რომ საქართველოში ხელისუფლება მოვიდეს, რომელსაც, პირობითად, გეგელია ან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უხელმძღვანელებს. ეუთო-ს განცხადებები თავიდანვე დაიწყო იმით, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავდა, რომელმაც ესა თუ ის ნაბიჯი უნდა გადადგასო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.